ავტოფარეხების ნაცვლად, ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ, სკვერი, სპორტული მოედანი და პარკინგი მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცის ფართობი 4 500 კვ.მ-ია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, მოეწყო ფეხბურთის მოედანი, საპარკე ინფრასტრუქტურა, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, დაირგო ხის ნერგები და დაიგო ბალახის საფარი.
ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
„ამ მისამართზე, სადაც 220 ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ უსახური ავტოფარეხები იყო. 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი, სპორტული სივრცე და პარკინგი მოეწყო. ახალი სკვერითა და მოედნით, როგორც კორპუსის მცხოვრებლები, ისე მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაც სარგებლობს. ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მსგავსი რეკრეაციული სივრცე ამ პერიმეტრზე აქამდე არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
ამასთან, მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 561 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.