ავთო წერეთელი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა
ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, ფულის გათეთრება გამორიცხულია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთო წერეთელმა სააგენტო GBC-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
„ჩამოწერა ერქვა ახალახან რომ განხორციელდა, „თიბისიმ“ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა. რატომ ამაზე არაფერს ამბობენ“, – აცხადებს ავთო წერეთელი.
როგორც სააგენტო წერს, ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა, „აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდა, იმას მისცემდა“.
წერეთელი ამბობს, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის „მარტელო გრუპის“ (Martello Group) გადასახდელია. ბიზნესმენმა სესხის გადავადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები არსებობდა.
მისივე თქმით, „ბანკთან შემხებლობაში ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვა რამეა“.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი ემ“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ბანკი ამ კომპანიების დაკრედიტებას მაინც განაგრძობდა.