ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ყოველთვის დარჩება მნიშვნელოვანი ევროპისთვის, სხვაგვარად ფიქრი ილუზორული იქნებოდა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ყოველთვის დარჩება მნიშვნელოვანი ევროპისთვის, სხვაგვარად ფიქრი ილუზორული იქნებოდა

რუსეთი ყოველთვის დარჩება მნიშვნელოვანი ევროპისთვის, სხვაგვარად ფიქრი კი ილუზორული იქნებოდა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა სააგენტო „როიტერთან“ განაცხადა.

„ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი აღარ იქნება და ჩვენ შეგვიძლია ყველა სფეროში გაცალკევება, ილუზორულია“, – განაცხადა შალენბერგმა.

მისი თქმით, მართალია, ავსტრია შეასუსტებს კავშირებს რუსეთთან, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება.

„დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი რჩებიან ევროპული კულტურის ნაწილად, მოგვწონს ეს თუ არა. ის კვლავ იქნება ჩვენი უმსხვილესი მეზობელი. ის დარჩება მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ ძალად“, – განაცხადა შალენბერგმა

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მინისტრმა ასევე დაიცვა ავსტრიის სიდიდით მეორე ბანკი Raiffeisen Bank International-ი და განაცხადა, რომ არაგონივრულია, გამოყო ერთი კრედიტორი რუსეთში ბიზნესის კეთების გამო მაშინ, როდესაც მრავალი სხვა დასავლური კომპანია იმავეს აკეთებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის სანქციებზე მომუშავე ორგანომ ავსტრიული ბანკთან მიმართებით გამოძიება დაიწყო, რუსეთთან დაკავშირებული მისი ბიზნესსაქმიანობის გამო.

„ავსტრიული კომპანიები უნდა იცავდნენ ავსტრიულ წესებს, რომელთა ნაწილი არის ევროკავშირი სანქციები. მოდით, რეალობა ვთქვათ. დასავლური კომპანიების 91 პროცენტი კვლავ რუსეთშია წარმოდგენილი და აკეთებენ იმას, რაც გონივრულია: იცდიან, აკავებენ, ზღუდავენ. რუსეთში წარმოდგენილია საკმარისი რაოდენობის ამერიკული ბანკები, რომელთაგან ერთ-ერთის სახელია Bank of America“, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შალენბერგის განცხადებით, ის ემხრობა მოქმედი ევროპული სანქციების აღსრულებას და არა – ახალი ზომების წარდგენას.

„ეს არის ძალიან ბლაგვი იარაღი. ჩვენ გვქონდა მასობრივი სასანქციო პაკეტები. მიეცით მათ მუშაობის დრო“, – აღნიშნა ავსტრიის მთავარმა დიპლომატმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, Bank of America-ში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა ყველა სანქციის დაცვაზეა ფოკუსირებული.