ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, საქართველო მტკიცედ იყოს გამყარებული ევროპულ ოჯახში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, საქართველო მტკიცედ იყოს გამყარებული ევროპულ ოჯახში

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა დღეს ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი მიიღო.

როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს ავსტრია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავენ და ამის საფუძველზე ალექსანდერ შალენბერგმა და ილია დარჩიაშვილმა კარგი, მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აღნიშნეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ მარტის თვეში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის თემა ასევე იყო რუსეთის აგრესიული ომის შედეგები. შალემბერგმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს ევროკავშირის პერსპექტივაზე. განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ფონზე, ჩვენი სტრატეგიული ინტერესია, რომ საქართველო მტკიცედ იყოს გამყარებული ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალენბერგმა.