ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა
ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა

ავსტრიაში ზრდასრული მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება. როგორც „ესოშიეიტიდ პრესი“ წერს, შესაბამის კანონს მხარი ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. ზედა პალატა შესაბამის რეგულაციის შემოღებას კენჭს 3 თებერვალს უყრის და სავარაუდოდ დაამტკიცებს, რადგან მმართველ პარტიას მყარი უმრავლესობა ჰყავს.

თუ ავსტრიაში აცრა სავალდებულო გახდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი წესი ევროპის ქვეყანაში ამოქმედდება. სავალდებულო აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქეს 3 600-მდე ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კანონს 137-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 33. ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება მხოლოდ ორსულებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვაქცინის გაკეთება ექიმის რეკომენდაციით აკრძალული აქვთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც „კოვიდ-19“ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის გადაწყვეტილებას პანდემიასთან ბრძოლაში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

„ასე შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ ლოკდაუნები“, – განაცხდა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, ვოლფგანგ მიუკშტეინმა.

ავსტრიაში ამ ეტაპზე ვაქცინირებულია მოსახლეობის 72 პროცენტი. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო ვაქცინაცია თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო მარტიდან პოლიცია მოქალაქეების დაჯარიმებას დაიწყებს.