ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ სამუშაო დღის 12 საათამდე გაზრდას დაუჭირა მხარი
ავსტრიის ნაციონალურმა საბჭომ, პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რაც ქვეყანაში სამუშაო დღის 12 საათამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ცვლილებების ინიციატორები არიან ავსტრიის მმართველი კოალიცია და ოპოზიციური პარტიის, „ახალი ავსტრია – ლიბერალური ფორუმის“ დეპუტატები. კენჭისყრას პარლამენტში ხანგრძლივი დებატები უძღოდა წინ.
ახალი კანონი 2018 წლის სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს და დამსაქმებელს საშუალებას მისცემს, სამუშაო კვირა 60 საათამდე გაზარდოს. მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დასაქმებულს შეეძლება, უარი თქვას დღეში 10 საათზე მეტ ხანს მუშაობაზე.
შრომითი კანონმდებლობის ცვლილებების წინააღმდეგები არიან პროფკავშირები, რომლებიც აღნიშნული საკითხის რეფერენდუმზე გატანას ითხოვენ. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვენაში საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელშიც, პოლიციის მონაცემებით, 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.