ავსტრიის კანცლერი - საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რათა დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ერთობის ნაწილი
ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას.
„შეხვედრა მქონდა სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს ერთი მხრივ, არის დიდი გამოწვევა, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნიორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწრაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი.
ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზიციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ სხვადსხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგნალის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის.
რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს უერთიერთობებში არსებობ ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი. როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანამშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.
მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიქმნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.