ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ პირველი მაისიდან ქვეყანაში ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრის გახსნა იგეგმება
ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცირე მაღაზიები მუშაობის განახლებას 14 აპრილიდან გეგმავენ. პირველი მაისიდან კი, იგეგმება ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა.
„თავდაპირველად გაიხსნება ის მაღაზიები, რომელთა ფართობი 400 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. ამასთან, სასტუმროები და რესტორნები მუშაობას ეტაპობრივად მაისის მეორე ნახევრიდან განაახლებენ. ავსტრიაში ივნისამდე საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალული დარჩება“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.
როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, ავსტრიამ პრევენციულ ზომებს სხვა ქვეყნებზე ადრე მიმართა, რამაც მისცა შესაძლებლობა, მაღაზიები უფრო ადრე გახსნას.
მანამდე, ავსტიის კანცლერმა მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ქრისტიანების ნაწილი აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს.
კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ავსტრიაში აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ უკვე ორი დღეა, რაც ავსტრიაში გამოჯანმრთელებულების რაოდნება ახალი ინფიცირებულების რაოდენობას აჭარბებს.