ავსტრიის კანცლერი - მიგრაციული კრიზისი არის თურქეთის თავდასხმა ევროკავშირსა და საბერძნეთზე
ავსტრიის კანცლერის თქმით, მიგრაციული კრიზისი არის თურქეთის თავდასხმა ევროკავშირსა და საბერძნეთზე. როგორც „ევრონიუსი“ წერს, სებასტიან კურცი აცხადებს, რომ თურქეთი ლტოლვილების თემით ევროკავშირის შანტაჟს ცდილობს.
„ეს არის ევროკავშირის გამოცდა. თუ ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვა არ მუშაობს, მაშინ ევროპა შიდა საზღვრების გარეშე ისტორიას ჩაბარდება. ეს არის თურქეთის კამპანია. ეს არის თურქეთის თავდასხმა ევროკავშირსა და საბერძნეთზე. ხალხზე ძალადობენ, რათა მათ ევროპაზე მოახდინონ ზეწოლა“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.
მისივე თქმით, „ევროპა არ უნდა აჰყვეს შანტაჟს. თუ ევროკავშირი ვერ შეძლებს პრეზიდენტ ერდოღანთან გამკლავებას, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ სისუსტეს ვაჩვენებთ, არამედ ეს იქნება დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა კურცმა.
ავსტრიის კანცლერმა ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ანკარაში ჩავიდნენ, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან მართავენ შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ ლტოლვილების ახალი ნაკადი თურქეთიდან ევროკავშირის საზღვრებისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება დაიძაბა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერ შეასრულებს 2016 წელს ევროკავშირთან ლტოლვილების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას, რადგან თურქეთი იძულებით გადაადგილებული პირების ახალ ნაკადს ვერ გაუმკლავდება. მისივე თქმით, თურქეთმა ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა გაუხსნა. ამის შემდეგ, ათასობით მიგრანტი საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრებისკენ დაიძრა.