ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
ავსტრიაში გუშინ, 27 ნოემბერს, 40 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის გასაპროტესტებლად, რომელიც ქვეყანაში 2022 წლის თებერვლიდან უნდა დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.
ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ გრაცში გაიმართა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო გამართულ პროტესტში 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეთა ნაწილი სკანდირებდა სლოგანს „მშვიდობა, თავისუფლება, არა დიქტატურა“. იმავე დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა ინსბრუკში, სენტ-პოლტენსა და კლაგენფურტში.
ოფიციალური ვენა 2022 წლის თებერვლიდან „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგოდ საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას გეგმავს. ამ საკითხზე არსებული კანონპროექტის კონკრეტული დეტალები დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
15 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტული შეზღუდვები არსებობს, რომელიც იმ მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვთ გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ უკვე 27 ნოემბერს, ავსტრიის ტერიტორიაზე კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.