ავსტრალიის პრემიერი - ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტერნბული შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
მისი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ტერნბულის თქმით, კიმ ჩენ ინი გლობალურ კრიმინალურ ოპერაციას ხელმძღვანელობს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.
ტრამპის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარება ფხენიანის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს აზრს შეაცვლევინებს.
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფხენიანის ტერორიზმის სპონსორების სიაში დაბრუნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისა და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მკვლელობების მოწყობის გამო გადაწყდა.
ჩრდილოეთ კორეა ტერორისტების სპონსორი ქვეყნების სიაში პირველად 1987 წელს, სამხრეთ კორეული ავიალაინერის აფეთქების გამო მოხვდა. 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს ჩრდილოეთ კორეა ამ ნუსხიდან ამოიღეს, რითაც ფხენიანის კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციის პროცესში მონაწილეობა წახალისდა.
შემდგომში დიალოგი ამ საკითხზე ისევ ფხენიანის ინიციატივით შეწყდა.