ავსტრალიის პრემიერი აცხადებს, რომ ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა არ არის
ავსტრალიის პრემიერი აცხადებს, რომ ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა არ არის.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა არ არის.
საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ავსტრალიამ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი კონტრაქტი გააუქმა აშშ-სა და ბრიტანეთთან გაფორმებული შეთანხმების გამო.
აღნიშნული სამმხრივი შეთანხმების გამო საფრანგეთმა ავსტრალია, ასევე აშშ ღალატში დაადანაშაულა და კანბერადან, ვაშინგტონიდან კონსულტაციებისთვის ელჩები გაიწვია.
მიმდინარე კვირას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მოლპარაკებები აშშ-სა და საფრანგეთის ლიდერებს შორის, თუმცა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მასსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა არ გაიმართება.
„ამ ეტაპზე შესაძლებლობა არ არის. დარწმუნებული ვარ, ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება დროთა განმავლობაში“, – განუცხადა სკოტ მორისონმა ნიუ იორკში მედიას პასუხად შეკითხვაზე: „გამართავს თუ არა ის ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს“.
უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ჩაშლილი 40-მილიარდიანი კონტრაქტის გამო საფრანგეთს სოლიდარობა გამოუცხადა ევროკავშირმა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს ავსტრალიასა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხზე მოლაპარაკებები არის დაგეგმილი.