ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა უნდა აეკრძალოთ
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი აცხადებს, რომ 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა უნდა აეკრძალოთ. ინფორმაციას „გარდიანი“ აცრცელებს.
ალბანესმა მხარი დაუჭირა სოციალური მედიის ანგარიშების დარეგისტრირების აკრძალვას 16 წლამდე და აღნიშნა, რომ ზედმეტი ონლაინჩართულობა სერიოზულად აზიანებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი მხარს უჭერს სოციალური ქსელების ანგარიშების დარეგისტრირების მინიმალური ასაკის 13-დან 16 წლამდე გაზრდას, რათა მოზარდებს მიეცეთ დამატებითი დრო, გაიზარდონ სოციალური ზეწოლის გარეშე.
„გვინდა, რომ ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა ავსტრალიელებმა მეტი დრო გაატარონ გარეთ, სპორტის სათამაშოდ, ერთმანეთთან კომუნიკაციაში და ნაკლები დრო – ინტერნეტში. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა არის სოციალური მედიის შეზღუდვები“, – განაცხადა ალბანეზმა.
მისი თქმით, სოციალურ მედიაში ბოროტმა კომენტარმა ხშირად შეიძლება ზიანი მიაყენოს უფროსებს და კიდევ უფრო უარესი გავლენა იქონიოს ბავშვებზე.
„ეს შეიძლება დამღუპველი იყოს. მე არ ვუყურებ კომენტარებს ჩემს სოციალურ მედიაში, რადგან თუ ამას გავაკეთებ, გამიჭირდება დილით სახლიდან გასვლაც კი“, – განაცხადა ალბანეზმა.