ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, მელბურნის თავდამსხმელს ტერაქტის განხორციელება სურდა
ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, მელბურნის თავდამსხმელს ტერაქტის განხორციელება სურდა

მელბურნის თავდამსხმელს ტერაქტის განხორციელება სურდა, – ამის შესახებ ავსტრალიის პოლიცია იუწყება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მას ავტომობილში გაზის რამდენიმე ცილინდრი ჰქონდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელი „ისლამური სახელმწიფოს“ მოძღვრების საფუძველზე მოქმედებდა, თუმცა ტერორისტულ დაჯგუფებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.

პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა. ის 30 წლის, წარმოშობით სომალელი ჰასან ხალიფ შაირ ალია, რომელიც რადიკალური დაჯგუფების პროპაგანდის შედეგად ბოლო პერიოდში მათ მოძღვრებას იზიარებდა.

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში თავდასხმა 10 ნოემბერს მოხდა. წარმოშობით სომალელმა საკუთარ ავტომობილს ცეცხლი მოუკიდა, რის შემდეგაც გამვლელებს დანით თავს დაესხა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ შაირ ალიმ დამორჩილებაზე უარი განაცხადა და სამართალდამცველებს თავდასხმით ემუქრებოდა.

ამის შემდეგ, პოლიცია იძულებული გახდა, მისი მიმართულებით ცეცხლი გაეხსნა. თავდამსხმელი გულმკერდის არეში დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავსტრალიის სამართალდამცველი უწყება მომხდარს ტერაქტად აფასებს.