ავსტრალიის ღია - XI დღე - ფინალში პეტრა კვიტოვა და ნაომი ოსაკა ითამაშებენ
ავტრალიის ღიაზე ქალების ტურნირის ორივე ფინალისტია ცნობილი. ჩეხ პეტრა კვიტოვას წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა იაპონელმა ნაომი ოსაკამ, რომელმაც სამსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ჩეხი კაროლინა პლიშკოვა – 6:2, 4:6, 6:4.
პირველ სეტში ოსაკა დიდ უპირატესობას ფლობდა – არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა მეტოქეს, თავად ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
მეორე სეტის სტარტზე იაპონელმა მესამე ბრეიკი შეასრულა და მიუახლოვდა ფინალის საგზურს, მაგრამ პლიშკოვამ მოახერხა თამაშში დაბრუნება. მან იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, თანადათან მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და პარტია “მშრალი” ანგარიშით მოგებული ბრეიკით დაასრულა.
მესამე სეტის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მეორე გეიმი, რომელშიც პლიშკოვას სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. და მომდევნო გეიმში ქულაც ვერ აიღო თავის მოწოდებაზე. ოსაკა ბრეიკით გავიდა წინ და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
იაპონელმა შეხვედრა 15 ეისით დაასრულა. მი ანგარიშზე 56 “ვინერსი” იყო და პირველი მოწოდებით მოგებული ქულების 81 პროცენტი.
ფინალი პეტრა კვიტოვასა და ნაომი ოსაკას შორის, შაბათს გაიმართება. ორივენი პირველად თამაშობენ მელბურნის ფინალში.
ისინი პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. არც ჩეხი და არც იაპონელი არასოდეს ყოფილან მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მათ შორის მოგებული, ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგება კლასიფიკაციას.