ავსტრალიის ღია - X დღე - ოსაკა მესამე ნახევარფინალისტია
ავსტრალიის ღია - X დღე - ოსაკა მესამე ნახევარფინალისტია

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მესამე ნახევარფინალისტი გახდა აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი ნაომი ოსაკა.

აზიელი უკრაინელ ელინა სვიტოლინას ხვდებოდა. პირველი სეტი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. პირველ ხუთ გეიმში მეტოქეები საკუთარ გეიმებს ინარჩუნებდნენ, მომდევნო ხუთ გეიმში კი ბრეიკები ფიქსირდებოდა- ოსაკამ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, სვიტოლინამ – ორჯერ და იაპონელმა სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტი ოსაკამ ზედიზედ სამი გეიმის აღებით დაიწყო, რის შემდეგაც, სვიტოლინამ სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა, თუმცა ამან უკრაინელს ვერ უშველა. იაპონელმა კიდევ ორი გეიმი აიღო და 5:0 გახადა ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო სვიტოლინამ სეტში ერთადერთი გეიმი.

6:4, 6:1 – ოსაკამ საათსა და 10 წუთში მოიგო. მის ანგარიშზე რვა ეისი, 31 “ვინერსი” და ხუთი ბრეიკი იყო. სვიტოლინა მეოთხედ თამაშობდა “დიდი სლემის” მეოთხედფინალში და ისევ ვერ გავიდა ნახევარფინალურ ეტაპზე.