ავსტრალიის ღია - VII დღე - მსოფლიოს მეორე ჩოგანი მერვედფინალში განადგურდა
დიდი სენსაციით დასრულდა რიგით მესამე მერვედფინალი ქალების ტურნირზე. ნაკლებად ცნობილმა ამერიკელმა დანიელ როუზ კოლინზმა, რომელსაც წლევანდელ ავსტრალიის ღიამდე „დიდ სლემზე“ მატჩი არ ჰქონდა მოგებული, 6:0, 6:2 გაანადგურა მსოფლიოს მეორე ჩოგანი, გერმანელი ანჟელიკ კერბერი. ამისთვის მას მხოლოდ 58 წუთი დასჭირდა.
პირველ სეტში კერბერმა სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მეორე პარტია გერმანელისთვის დამაიმედებლად დაიწყო – მან ბრეიკით გახსნა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ, კერბერს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. კოლინზი კი ფანტასტიკურად იყენებდა თავის შანსებს – მატჩში შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ექვსი გამოიყენა.
დანიელ კოლინზის მეტოქე მეოთხედფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვასა და ამერიკელი სლოან სტივენსის მატჩში გაირკვევა.