ავსტრალიის ღიაზე მეხუთე დღის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და რუსმა მარია შარაპოვამ გამართეს.
დღის ცენტრალურ მატჩში ვოზნიაცკიმ პირველი ორი სეტი კარგად დაიწყო. პირველში 4:1 დაწინაურება მოახერხა, მეორეში – 3:0. მაგრამ საწყის პარტიაში შარაპოვამ ზედიზედ ხუთი გეიმის აღება შეძლო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტშიც რუსმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ პირველი სეტისგან განსხვავებით, დანიელმა ჩოგბურთელმა მოახერხა მარიას შეჩერება და თამაში თანაბარ ბრძოლაში გადავიდა, რომელშიც ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა შანსები, მაგრამ უფრო იღბლიანი ვოზნიაცკი აღმოჩნდა, რომელმაც მეათე გეიმში პირველივე სეტბოლი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი სეტის პირველ ექვს გეიმში ჩოგბურთელები ახლოსაც არ ყოფილან ბრეიკ-პოინტთან. პირველი შანსი მეშვიდე გეიმში შარაპოვამ მიიღო და მესამე ცდაზე შეასრულა ბრეიკი,, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მარიამ საკუთარი გეიმები შეინარჩუნა და ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ მერვედფინალში გააღწია – 6:4, 4:6, 6:3.
მერვედფინალში შარაპოვა ავსტრალიელ ეშლი ბარტის შეხვდება.