ავსტრალიის ღია, მეცხრე დღე - სერენა უილიამსი „დიდ სლემზე“ კარიერაში მე-40 ნახევარფინალს ითამაშებს
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მეორე ნახევარფინალისტი ამერიკელი სერენა უილიამსი გახდა. მან ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით მოუგო სიმონა ჰალეპს – 6:3, 6:3 და ნახევარფინალში იაპონელ ნაომი ოსაკას შეხვდება.
პირველ სეტში სერენას სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი გამოიყენა, ჰალეპმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მეორე პარტიაში სიმონა ჰალეპმა 3:1 დაწინაურება შეძლო, რის შემდეგაც უილიამსმა ზედიზედ ხუთი გეიმის აღება მოახერხა.
ჰალეპის მარცხის მთავარი მიზეზი მოწოდებაზე ცუდი თამაში იყო – პირველი მოწოდებით ქულების 52 პროცენტი აიღო, მეორე მოწოდებისას კი 23-დან მხოლოდ ცხრა გათამაშება მოიგო. იდეალური სტატისტიკა არც უილიამსს ჰქონია. მაგალითად, მეორე მოწოდებაზე მხოლოდ რვა გათამაშება მოიგო და უნებლიე შეცდომა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი“ – 33/24. ამერიკელმა 13 ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა, ჰალეპმა – ოთხიდან სამი.
ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მე-12 შეხვედრა და უილიამსი წინ არის – 10:2.
სერენა მეორმოცედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. ამერიკელი ავსტრალიაში ამ ეტაპზე პირველად ითამაშებს 2017 წლის შემდეგ.