ავსტრალიის ღია პირველობის მეცხრე სათამაშო დღეს მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო.
მამაკაცთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახდა. მან ოთხ სეტში შეძლო ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხება – 7:5, 4:6, 6:4, 7:6(2). მატჩი სამი საათი და 19 წუთი გაგრძელდა.
პირველ სამ სეტში ესპანელი ბრეიკით გადიოდა წინ. მეორე პარტიაში ციციპასმა ვერ უპასუხა მეტოქეს, პირველ და მესამე სეტებში კი ორ-ორი ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა. მეოთხე სეტი უბრეიკო იყო, ტაი-ბრეიკზე კი ბერძენს დიდი უპირატესობა ჰქონდა და კარიერაში პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.
ციციპასის მეტოქე ამ ეტაპზე მოგვიანებით, ესპანელი რაფაელ ნადალისა და ამერიკელი ფრენსის ტიაფოს მატჩში გაირკვევა.