ავსტრალიის ღია, მეორე დღე - ვიქტორია აზარენკა პირველ წრეში დამარცხდა
ავსტრალიის ღია, მეორე დღე - ვიქტორია აზარენკა პირველ წრეში დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს პირველი მოულოდნელობა დაფიქსირდა. მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ ორ სეტში წააგო ამერიკელ ჯესიკა პეგულასთან, რომელიც მსოფლიოს 61-ე ნომერია – 5:7, 4:6. შეხვედრა საათი და 39 წუთი გაგრძელდა.

აზარენკა ახლოს იყო პირველი სეტის მოგებასთან – 5:3-ზე ის სეტზე აწვდიდა, მაგრამ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო. მეორე სეტში 4:4-მდე მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, რის შემდეგაც, პეგულამ მიჯრით ორი გეიმის აღება მოახერხა და ამან მეორე წრის საგზური მოუტანა.

აზარენკა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში – პირველი მოწოდებით ქულების 64 პროცენტი აიღო, მეორეთი – 50, შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს შვიდი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა.

ბელარუსს თავის კარიერაში „დიდი სლემის“ ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული და ორივეჯერ ავსტრალიის ღია პირველობა.