ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე სათამაშო დღე დაიწყო. ქალებს შორის მოქმედმა ჩემპიონმა, ამერიკელმა სოფია კენინმა პირველი ბარიერი ორსეტიანი მოგებით გადალახა – მან საათსა და 27 წუთში მოუგო ავსტრალიელ მედისონ ინგლსს. მატჩის ანგარიშია – 7:5, 6:4.
აღსანიშნავია, რომ კენინი პირველ სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ შეძლო ორი საპასუხო ბრეიკის შესრულება. მეორე სეტში ამერიკელი თავად დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ ინგლსმა უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ კენინმა იქვე კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
ფავორიტმა არც ისე დამაჯერებელი თამაში აჩვენა და უფრო მეტი უნებლიე შეცდომა (27) ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი“ (23).
უკვე ცნობილია კენინის მეტოქე მეორე წრეში. ეს არის ესტონელი კაია კანეპი, რომელმაც პირველ რაუნდში ლატვიელი ანასტასია სევასტოვა დაამარცხა.