ავსტრალიის ღია 2020 - სოფია კენინმა კარიერაში პირველი „სლემი“ მოიგო
ავსტრალიის ღია 2020 - სოფია კენინმა კარიერაში პირველი „სლემი“ მოიგო

ამერიკელი ჩოგბურთელი სოფია კენინი პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირების ჩემპიონი. მან სამსეტიან ბრძოლაში ესპანელი გარბინე მუგურუსა დაამარცხა – 4:6, 6:2, 6:2. შეხვედრა ორი საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში მუგურუსა საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ესპანელმა მეტოქის მოწოდების ცხრა შანსი მიიღო და ორი ბრეიკი შეასრულა – მესამე და მეცხრე გეიმებში. კენინმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში მიიღო და ის გამოიყენა.

მეორე სეტში მუგურუსას არაფერი გამოუვიდა – მეტოქის გეიმებში ჯამში მხოლოდ სამი ქულა აიღო. კენინმა კი ორი ბრეიკ-პოინტიდან ორი ბრეიკი შეასრულა.

მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. გარდამტეხი მომენტი მეხუთე გეიმში დადგა. მუგურუსამ მეტოქის მოწოდებაზე სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. კენინმა გადაარჩინა ეს გეიმი, რის შემდეგაც, ორჯერ აიღო ესპანელის მოწოდება და ტიტულის მოგება იზეიმა.

კენინი გახდა 2002 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი, ვინც ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.