ავსტრალიის ღია 2020 - დომინიკ ტიმმა მონფისს უშანსოდ მოუგო
ავსტრალიის ღია 2020 - დომინიკ ტიმმა მონფისს უშანსოდ მოუგო

ავსტრალიის ღია მამაკაცთა ტურნირის რიგით მეხუთე მეოთხედფინალისტი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს განსაკუთრებული პრობლემები არ შეჰქმნია ფრანგი გაელ მონფისის წინააღმდეგ და სამ სეტში გაიმარჯვა – 6:2, 6:4, 6:4. შეხვედრა საათი და 52 წუთი გრძელდებოდა.

ტიმი სრულ უპირატესობას ფლობდა – მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა, თავად კი 14 ბრეიკ-პოინტი მიიღო და ოთხი გამოიყენა. ავსტრიელმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და მეორეზე – ექვსი. ჯამში 31 „ვინერსი“ დააგროვა და სულ რაღაც 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ტიმი პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. აქ მისი მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალისა და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის შეხვედრაში გაირკვევა.