ავსტრალიაში წყალდიდობის გამო 18 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში წყალდიდობის გამო 18 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი წვიმა დაატყდა თავს. სტიქიისგან ყველაზე მეტად ქალაქ პორტ-მაკუორის რაიონში არსებული სანაპირო დაზარალდა. შტატის ჩრდილოეთ სანაპიროზე და ქალაქ სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, შეჩერებულია მიმოსვლა საბორნე გადასასვლელებზე. 30-ზე მეტი ავტომაგისტრალი მთლიანად დაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
წყალდიდობის გამო რეგიონში 130-ზე მეტმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ავსტრალიაში ძლიერი წვიმა და ქარი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც შესაძლოა, 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდეს საჭირო.