ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა
ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ავლაბარში, ჩეხოვის 2 ნომერში სამსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა წლებია, ავარიულია და მოსახლეობის ნაწილი თბილისის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

ჩამონგრევის დროს დაზიანდა გაზის მილი. დაზიანებული მილი „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა გადაკეტეს, რის გამოც ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 400-მდე ოჯახს აქვს შეწყვეტილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ადგილობრივებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავარიული შენობის მიმდებარე ტერიტორია პატრულს ჰქონდა გადაკეტილი და ახლოს არც მანქანები მოძრაობდნენ და არც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ.