ავიაკომპანია „რაინეარი“ პირველი ივლისიდან ფრენების 40 პროცენტის აღდგენას გეგმავს
დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარი“ ფრენების 40 პროცენტს პირველი ივლისისთვის აღადგენს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ავიაკომპანიამ „კოვიდ-19“-ის გამო, ფრენების უმრავლესობა მარტის შუა რიცხვებიდან გააუქმა.
„რიანეარი“ ყოველდღიური ფრენების განრიგით იმუშავებს, რომელშიც 1000 ფრენაა გათვალისწინებული, აღდგება ფრენა „კოვიდ-19“-მდე არსებული მიმართულებების 90 პროცენტში“, – აცხადებენ კომპანიაში.
ავიაკომპანიის თანამშრომლები და მგზავრები ვალდებული იქნებიან, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში პირბადეები ატარონ, დაიცვან სოციალური დისტანციის წესები. ისინი თერმოსკრინინგსაც გაივლიან.
„ოთხი თვის შემდეგ, დროა, ევროპაში ფრენები აღდგეს, რათა გავაერთიანოთ ოჯახები, მეგობრები, მივცეთ ხალხს საშუალება, დაუბრუნდნენ სამუშაოს და ევროპის ტურიზმი, რომელიც მილიონობით სამუშაო ადგილს ქმნის, ხელახლა ავამუშაოთ“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ედი უილსონმა.
უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა ფრენები რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის.