ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას პირველი ივნისიდან იწყებს
გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს პირველი ივნისიდან შეასრულებს. რეისები კვირაში ოთხი სიხშირით – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული რეისით ისარგებლონ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის მიზნით, თბილისიდან ფრანკფურტში გაფრენა კი, არ იქნება შესაძლებელი.
ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა.
„შეგახსენებთ, ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 2 აგვისტოდან განაახლა. აღნიშნული მიმართულებით ფრენების შესრულება მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაზრდილი სიხშირით გაგრძელდება. კერძოდ კი, თავდაპირველად, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო 31 მაისიდან, ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს”, – წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.