ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისი“ ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ
ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისი“ ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ

ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისი“ ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ, ხოლო არავაქცინირებულებმა ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ბრიტანული ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ დოილმა განაცხადა.

მან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების მთავრობებთან, რათა გაიხსნას საზღვრები ვაქცინაციის შედეგად.

„ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებსაც აცრა გაუკეთდათ, უნდა შეეძლოთ შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა. ხოლო მათ, ვინც არ აცრილა, უნდა შეეძლოთ მოგზაურობა ტესტის ნეგატიური პასუხით“, – განაცხადა შონ დოილმა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 12 აპრილს  გამოაცხადებს გეგმას, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში და ქვეყნიდან არაგადაუდებელი აუცილებლობის მოგზაურობის აღდგენას.

როგორც შონ დოილმა აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყება მას ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს, რომ „ბრითიშ ეარვეისი“ ფრენებს ზაფხულს აღადგენს, თუმცა, მისი თქმით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დამოკიდებულია იმ გეგმაზე, რომელიც 12 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ზრდასრული მოსახლეობის 44 პროცენტმა მიიღო.