ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 250-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოსაპოვებლად 2 565 კანდიდატი იბრძვის. მათგან 417 ქალია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა.
ცენტრალური აზიის ქვეყნის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე საკუთარ პოზიციას გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე აფიქსირებენ.
მოძრაობა „თალიბანის“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების გამო შვიდი ათასი საარჩევნო უბნიდან მხოლოდ ხუთი ათასი მოქმედებს. რადიკალური მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეწინააღმდეგება. მოძრაობამ სპეციალური გაფრთხილებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა და მასწავლებლებმა არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, სკოლის ხელმძღვანელებმა კი, საარჩევნო უბნების სკოლის ტერიტორიაზე გახსნის უფლება არ უნდა მისცენ.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „თალიბანის“ წევრები სხვადასხვა აქციაზე თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ტერაქტების შედეგად 10 კანდიდატი დაიღუპა.
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას 50 ათასზე მეტი სამართალდამცველი იცავს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები არჩევნებიდან 20 დღის შემდეგ, 10 ნოემბერს გახდება ცნობილი.