ქაბულში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა
ქაბულში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ქაბულში სამ საარჩევნო უბანზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ ცალკეული აფეთქებების შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ისინი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცენტრალური აზიის ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს მოძრაობა „თალიბანი“ ეწინააღმდეგება. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალები აქციებზე თავდასხმებს ხშირად ახორციელებდნენ.

ბოლო რამდენიმე თვეში, სხვადასხვა თავდასხმების შედეგად დეპუტატობის 10 კანდიდატი დაიღუპა.