ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-11 ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა. კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

საზეიმო ღონისძიება სიმბოლური მარშით გაგრძელდა. გარბენში მონაწილეობა ქართველი მშვიდობისმყოფელების გარდა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმაც მიიღეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების, დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დასრულდა. მე-11 ბატალიონის სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულ გუნდს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის არმიის ტაქტიკური დაჯგუფება „Manchu”-ს დაქვემდებარებაში ასრულებს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზაზის უსაფრთხოება და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლია.