ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანელ სამხედროებს ამზადებენ

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწავლო საკითხები სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას მოიცავს.

„სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს ოპერაციის რაიონის მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ასრულებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.