ავღანეთში ნატო-ს მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ავღანეთში ნატო-ს მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ავღანეთში ნატო-ს მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ჯონ ნიკოლსონი ამერიკელმა გენერალმა, სკოტ მილერმა დღეიდან ჩაანაცვლა.

ქაბულში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას მილერმა განაცხადა, რომ მას „ხისტი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს“. მისივე თქმით, ავღანეთში „პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად სამხედრო ზეწოლა აუცილებელია“.

სკოტ მილერი მანამდე პენტაგონის სპეციალური ოპერაციების გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობდა. ის რიგით მეცხრე ამერიკელი გენერალია, რომელიც ავღანეთის მისიას ჩაუდგა სათავეში.

ამასთან, ის პირველი სამხედრო პირია, რომელიც მისიის ხელმძღვანელად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაინიშნა. მილერი პირადად ხელმძღვანელობდა ამერიკული სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციებს სომალიში, ავღანეთსა და ერაყშიც.

ამჟამად ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ 16 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. მათ შორის არიან ქართველი ჯარისკაცები.