ავღანეთში აშშ-ის ავიაიერიშის დროს პაკისტანის „თალიბანის“ ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს
ავღანეთში აშშ-ის ავიაიერიშის დროს პაკისტანის „თალიბანის“ ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს. რადიკალური მოძრაობის პაკისტანის ფრთა ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვას ადასტურებს.
პაკისტანის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხალიდ მეჰსუდის ლიკვიდაცია აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს, ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში განხორციელდა.
თავად „თალიბანის“ წევრები აცხადებენ, რომ ავიაიერიში ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში სასაზღვრო ზონაში, პაკისტანის მხარეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის „თალიბანის“ ლიდერმა, მულა ფაზლულამ ახალ თანაშემწედ, მუფტი ნოორ ვალი დანიშნა. ახალ მეთაურს სამხედროების ხელმძღვანელობა სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში დაევალა.
მუფტი ვალი დაუნდობელ ლიდერადაა ცნობილი და საბრძოლო გამოცდილება ურბანულ ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ყარაჩიში აქვს მიღებული.