ავღანეთსა და პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთსა და პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთსა და პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 45 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება. ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად წყალმოვარდნებსა და დიდთოვლობას ებრძვიან.

„ალ-ჯაზირას“ მონაცემებით, უკანასკნელ დღეებში პაკისტანის სხვადასხვა პროვინციაში სტიქიურ უბედურებებს 25 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. 2 მარტის შემდეგ დაწყებული უამინდობა ქვეყანაში დღემდე გრძელდება.

ავღანეთში კი, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.

გაერო-ს ცნობით, ყანდაარის პროვინციაში სტიქიამ ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ასევე სკოლა, მეჩეთი და სახელისუფლებო შენობა დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, რეგიონში მძვინვარე სტიქია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.

მსგავსი ვითარებაა ჰელმანდის პროვინციაშიც, სადაც წყალდიდობამ 350-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა ან ბოლომდე დაანგრია.