ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ ისლამური პრინციპების საფუძველზე კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ
ავღანეთის მთავრობა და რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისლამური პრინციპების საფუძველზე კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც ყატარში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.
ერთობლივი განცხადების თანახმად, ავღანეთში მშვიდობის მიღწევის მიზნით, მხარეები უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თავიდან აირიდებენ სამოქალაქო მსხვერპლს და ჰუმანიტარული დახმარებით ითანამშრომლებენ.
კომუნიკეში საუბარი არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე ან ტყვეების გათავისუფლებაზე.
ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის გასვლის პარალელურად, სამთავრობო არმიას და თალიბებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს. „თალიბანი“ ავღანეთის რაიონების თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 900-ზე მეტი თალიბი მებრძოლი მოკლეს. „თალიბანმა“ ტაჯიკეთის საზღვრის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა.