ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.
საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მოხერხდა.
„ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა დავიწყეთ იმ დღიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ავღანეთში, ძირითადად, ქაბულში და ითხოვდნენ შველას, რომ წამოგვეყვანა. დავიწყეთ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ მოგვეხერხებინა მათი აეროპორტში უსაფრთხო მიყვანა და აეროპორტიდან უსაფრთხოდ გადმოგვეფრინა საქართველოს მიმართულებით. ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები. თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული. რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“,- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძეც. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს საგარეო უწყებას ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
„პირველივე დღიდან, როდესაც დღის წესრიგში დადგა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების საკითხი ავღანეთიდან, პრემიერ მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში და დაიწყეს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, თუ ორგანიზაციებთან. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი 16 მოქალაქე მშვიდობით დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო უწყებას”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
ავღანეთიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით 18 აგვისტოს დაბრუნდა, კიდევ კიდევ ორი მოქალაქე კი, გუშინ გამთენიისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ავღანეთში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.