საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული ბორტით ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული ბორტით ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სპეცრეისი უნგრული ბორტით თბილისის  საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ შესრულდა.

სამშობლოში დაბრუნებულ ექვს მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, საქართველოში უნგრული ბორტით გამოემგზავრა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი პრობლემა საქართველოს მოქალაქეების ქაბულში გადაადგილება და მათი აეროპორტის ტერიტორიამდე მიყვანაა, ავღანეთში შექმნილი არასტაბილური და ქაოტური ვითარებიდან გამომდინარე. ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე,  რომელთა სწრაფი ევაკუაციისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს. როგორც ხვთისიაშვილი აღნიშნავს, ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამ დროისთვის თავს უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გრძნობენ.

„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში. ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ, მე როგორც უკვე აღვნიშნე, პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი იქიდან, რომელსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები. პარალელურად, თქვენ იცი, რომ ჩვენც ვმუშაობთ, რათა საქართველოდან ბორტი გაფრინდეს. ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ქაოსური მდგომარეობააა, მძიმე ვითარებაა და თუ მოხდება მალე გაგზავნა, გამოემგზავრებიან, თუ არადა, რა საშუალებაც უფრო ადრე იქნება, რაც შეიძლება მალე რომ წამოვიყვანოთ, იმ საშუალებას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით უნგრეთის ბორტზე, რომლის საშუალებითაც საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, კიდევ იმყოფებოდნენ ევროპის მოქალაქეები, რომლებიც უკვე სხვა თვითმფრინავში იმყოფებიან და თავიან სამშობლოში ბრუნდებიან.

ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას და ამ საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„საქართველოს მოქალაქე არის ავღანეთში 22. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთმა ადამიანმა გაავრცელა ვიდეო, რომ მასთან იმყოფება კიდევ ერთ-ერთი ქართველი. მასთანაც მოხდა კომუნიკაცია, შევთავაზეთ ასევე ამ რეისით გამოფრენა, მაგრამ მან გვითხრა, რომ უკვე დაგეგმილია მისი წამოყვანა და ის თვითონ გამოფრინდება იმ კომპანიის საშუალებით, ვისთვისაც მუშაობს. ამ რეისით არც ერთი ადამიანის ლტოლვილად ჩამოყვანა არ მომხდარა. ამ რეისს ჩამოყვნენ კიდევ სხვა ადამიანები, რომლელიც ამ წუთას უკვე სხდებიან სხვა თვითმფრინავში და მიფრინავენ თავიანთ ქვეყნებში, ესენი არიან ევროპელები. საქართველო არ აპირებს მიიღოს ლტოლვილები ავღანეთიდან, არ არის ამაზე საუბარი“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უსაფრთხოდ მოხდა. ილია დარჩიაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ავღანეთში მყოფი საქართველოს კიდევ 16 მოქალაქის დაბრუნებისთვის აქტიურ მუშაობას პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ. ,მოგეხსენებათ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების დროული ევაკუაცია. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების ნაწილი კვლავ იმყოფება ავღანეთში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი რეისის ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან სამშობლოში. ადგილზე ძალიან გართულებულია გადაადგილება. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ყველა დეტალში, რათა ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება აეროპორტამდე უსაფრთხო ყოფილიყო და ეს მოხერხდა პირველ შემთხვევაში და გრძელდება პროცესი, რათა ჩვენი დარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხოდ მივიდნენ აეროპორტში და შევძლოთ მათი უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.