„ავერსის“ რუსთავის ფილიალში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
ამ ეტაპზე „ავერსის“ კლინიკების ქსელში კორონავირუსი 15 მედიკოსს აქვს დადასტურებული და ყველა მათგანი ქსელის რუსთავის ფილიალს უკავშირდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ რუსთავის ფილიალის ეპიდემიოლოგმა, ეკა მამალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან ორი დღევანდელი შემთხვევაა.
„ეს ორი მედიკოსი ბოლო დღეების განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა და არც პაციენტებთან ჰქონია შეხება“, – განაცხადა მამალაძემ.
მისი თქმით, ქსელის ექიმების ინფიცირების პირველი შემთხვევები აჭარაში ექსკურსიაზე მყოფ მედიკოსებს უკავშირდება, რომლებიც კლინიკაში არ დაბრუნებულან.
„ინფიცირებულთა შორის რვა მედიკოსია, რომლებიც ინფიცირების შემდეგ, სავარაუდოდ, პაციენტებს იღებდნენ. მათი ინფიცირების წყაროები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ისინი უკავშირდებოდნენ უკვე დაინფიცირებულ მედიკოსებს“, – განაცხადა მამალაძემ.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, კლინიკის ექიმები პაციენტებს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით იღებენ.
ეპიდემიოლოგის თქმით, ინფიცირებულების კონტაქტებს, მათ შორის პაციენტებს, ქვემო ქართლის ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევს.