ავარიისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა - არ ვეთანხმები არც ერთ არგუმენტს, რომლითაც სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
როგორც პაპასკირმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.
„მე ვესწრებოდი ყველა სასამართლო პროცესს. ერთ-ერთი ეპიზოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სისულელე იყო მოსმენა. ისეთი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს ჩემი შვილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, ვიდრე კვირიკაშვილი და აქ უბრალოდ გამიწყდა მოთმინების ძაფი. ამბობენ, რომ მე ემოციურ ნიადაგზე ვსაუბრობ, რადგან დაღუპული შვილის მამა ვარ. არავითარ შემთხვევაში. არ ვეთანხმები არც ერთ არგუმენტს, რომლითაც გამოიტანეს განაჩენი. აბსოლუტურად შეკერილი მონაცემებით მიდიოდა საქმე. მთავარი რაც არის – პირველი ექსპერტიზის შემდეგ ყველა მოწმის ჩვენება იყო შეცვლილი. ჩემი მხრიდან ვინც იყო მოწმე, იმანაც კი შეცვალა. თქვენ რომ გეყურებინათ ამ მართლაც საწყალი მოწმეების ჩვენებებისთვის, თვითონ იყვნენ დაბნეული, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ვაფიქსირებ, რომ ეს ჩემი პროტესტი არ არის ემოციურ ნიადაგზე. მე რახან გამწარებული მამა ვარ, ამიტომ კი არ ვამბობ, გინდა თუ არა ვიღაც დავსაჯოთ. . . არა, უბრალოდ როგორც განვითარდა ეს სასამართლო, ჩემი შვილიც რომ არ იყოს, მე გამიჩნდებოდა პროტესტი“, – აღნიშნა მალხაზ პაპასკირმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა და ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო.
ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.