AusOpen 2018 - ბელგიელი დებიუტანტი ნახევარფინალში გავიდა
AusOpen 2018 - ბელგიელი დებიუტანტი ნახევარფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალისტი ბელგიელი ელიზ მერტენსი გახდა, რომელიც კორეელ ჰიეონ ჩუნგთან და ამერიკელ ტენის სანდგრენთან ერთად, წლევანდელი ტურნირის მთავარი სენსაციაა.

მერტენსი პირველად თამაშობს ავსტრალიის ღიაზე და დებიუტი ნახევარფინალში გასვლით აღნიშნა.

ბელგიელმა მეოთხედფინალში უშანსოდ მოუგო მსოფლიოს მეოთხე ნომერს, უკრაინელ ელინა სვიტოლინას – 6:4, 6:0. ამისთვის მერტენსს მხოლოდ საათი და 15 წუთი დასჭირდა.

გამარჯვებულმა 26 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ცხრა ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და აქედან ხუთი შანსი გამოიყენა. ყველაზე შთამბეჭდავი იყო მეორე მოწოდებით მოგებული ქულების მაჩვენებელი – 17-დან 11 ანუ 65 პროცენტი.

ბელგიელს 2018 წელს ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს – ავსტრალიის ღიამდე მან ჰობარტის ტურნირი მოიგო. მერტენსი პირველი ბელგიელია კიმ კლაისტერსის (2012 წელი) შემდეგ, ვინც მელბურნში ნახევარფინალში გააღწია.

მერტენსი ნახევარფინალურ ეტაპზე კაროლინ ვოზნიაცკისა და კარლა სუარეს ნავაროს შორის მოგებულს შეხვდება.