აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა
აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის უფროსის, დავით შავგულიძის განმარტებით, სააგენტოს ინფორმაციული სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის უსაფრთხოების პარამეტრები სათანადოდ არ არის დაცული რეგიონულ სამსახურებში.

ასევე, მისივე თქმით, არსებობს სხვა სახის ხარვეზებიც.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საარსებო შემწეობის დანიშვნა გაცემის მართვის ინფორმაციული სისტემის აუდიტი, რომლის შემდეგადაც გამოვლინდა რიგი გამოწვევები, რომელიც დგას სააგენტოს წინაშე და რომლის გამოსწორებაც შეიძლება ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების საშუალებით.

კერძოდ, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესში გამოყენებული პარამეტრების სიზუსტეზე და მათ საიმედოობაზე.

მაგალითისათვის, ბუნებრივი აირის მოხმარების მაჩვენებლის დადასტურებას ვერ ახორციელებს სათანადოდ სააგენტო, რის გამოც არსებობს რისკი, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება, იყოს არასწორი და ამან გავლენა მოახდინოს ოჯახის სარეიტინგო ქულის მაჩვენებელზე“,- აცხადებს შავგულიძე.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის.

„ასევე სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს. გარდა ამისა, სააგენტომ საჭიროა, დანერგოს მომხმარებელთა ქმედებების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა“,- განაცხადა დავით შავგულიძემ.