აუდიტის სამსახურმა აჭარაში გზის რეაბილიტაციაზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების დროს გამოვლენილ დარღვევებსა და ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანზე მიუთითებს.
სამსახურის ცნობით, შესაბამისი მასალები უკვე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ.
ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებაში ნაჩვენები მოცულობები არ შეესაბამება ფაქტობრივად განხორციელებულ სამუშაოებს და გამოვლენილია მნიშვნელოვანი დანაკლისი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს.
„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გადახდილია 1 938 795 ლარი, თუმცა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა და დანაკლისი, ჯამში შეადგენს 888 231 ლარს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტის მიერ 2018 წელს ვერ აიზომა 353 324 ლარის ღირებულების სამუშაოები და 2016 წელს ხარისხის შესწავლისა და დადასტურების გარეშე გადახდილია 631 360 ლარი, მაღალია რისკი იმისა, რომ სამუშაოები აქაც არასრულად იყოს განხორციელებული და შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობა გაცილებით მეტი იყოს, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ხარჯვის რისკებს წარმოშობს. ამასთანავე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ფარავს ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯული 2 570 155 ლარით მისაღებ სიკეთეს“, – აღნიშნული დოკუმენტში.
აუდიტის სამსახურმა აჭარის გზების დეპარტამენტის 2016-2017 წლების საქმიანობა შეისწავლა.