აუდიტის სამსახურის დასკვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი პრემიის გაცემა არ იყო საკმარისად დასაბუთებული
აუდიტის სამსახურის დასკვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში 7 მილიონ ლარზე მეტი პრემიის გაცემა არ იყო საკმარისად დასაბუთებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ოცგვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის საგანს სახელმწიფო შესყიდვები, ძირითადი აქტივების მართვა და შრომის ანაზღაურება წარმოადგენდა.

აუდიტის დასკვნით, 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 7 მილიონ ლარზე მეტი პრემიის გაცემა არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

„პრემიის დასაბუთებასთან დაკავშირებული ხარვეზები 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3,604 თანამშრომელზე გაცემული 7,128,200 ლარის პრემია, არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა.

2016-2017 წლებში 809 თანამშრომელზე გაცემულ პრემიასთან დაკავშირებით, რომელიც მათ თანამდებობრივ სარგოს 391,750 ლარით აღემატებოდა, შემოსავლების სამსახურმა ვერ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა სარგოზე მეტი ოდენობით პრემიების გაცემის დეტალური მოტივი.

2016-2017 წლებში 85 თანამშრომელზე 94,825 ლარის პრემია გაიცა მათი დისციპლინური  პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, ხოლო 39,675 ლარის ოდენობის პრემია გაიცა 45 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იყო გასული, რაც სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შეზღუდვების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს.

2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დაკონკრეტებული დანამატის გაცემის მოტივი და მიზნობრიობა. შედეგად, დანამატის სახით ორი წლის განმავლობაში გაწეული მთლიანი ხარჯი არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.