დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლო-საავტომობილოში“ უცხო ქვეყნიდან შემოსული, 9450 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, კერძოდ, მცენარეებზე მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.
„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.