აუდიტის სამსახური - თელავის მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დახარჯა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები გამოავლინა.
ამასთან, როგორც ანგარიშშია საუბარი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული.
„შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37.8 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია“, – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.
„მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია პრობლემის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია. ამასთანავე, წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, 21.8 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრები ზედმეტად არის ანაზღაურებული“, – წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.