აუდიტის სამსახური - საჩხერის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში საბიუჯეტო ნაშთები ვერ გახარჯა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ საბიუჯეტო ნაშთები ვერ გახარჯა. ამასთან, დღემდე დაუსრულებელია 10 სარიტუალო დარბაზი, რომლის მშენებლობაც სოფლებში 2016 წლამდე დაიწყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 142 ათასი ლარი დაიხარჯა. დაუსრულებელი სარიტუალო დარბაზები განთავსებულია შემდეგ სოფლებში: ჩიხა, ჭალა, სპეთი, დარყა, მახათაური, ბახიოთი, გორისა, კალვათა, ჯალაურთა, შომახეთი. მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შეძენილი მასალების ნაწილი გაუხარჯავი და დასაწყობებულია. მერიამ ვერ უზრუნველყო შესყიდული მასალების დროულად ხარჯვისა და გამოყენების კონტროლი.
როგორც აუდიტის სამსახური დასკვნაში აღნიშნავს, 2016-2017 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შეისყიდა 243.6 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. დაგეგმილი იყო მათ შორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარიტუალო დარბაზების, სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სხვა სამუშაოები. შესწავლით გაირკვა, რომ შეძენილი მასალების ნაწილი – ღირებულებით 123.9 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს დროულად არ გამოუყენებია და 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა ნაშთად.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ საჩხერის მერია ვალდებული იყო, პროექტების სრულყოფილად შესრულებისათვის დაეწესებინა სათანადო კონტროლი შესყიდული მასალების დროულ ხარჯვასა და გამოყენებაზე, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო. ამასთან, ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ობიექტების ნაწილი დაზიანებულია, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტი თავიდანვე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს იბარებს და ამის გამო საგარანტიო პერიოდში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ფიქსირდება ხარვეზები და დაზიანებები.
აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვის მიზნით ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობის საჭიროებები და საკუთარ ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად.