აუდიტის სამსახური - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2015-2016 წლებში 1 397 300 ლარის პრემია გაიცა
აუდიტის სამსახური - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2015-2016 წლებში 1 397 300 ლარის პრემია გაიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები – შრომის ანაზღაურება 2015-2016 წლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით სულ გაწეულია 4 233 993 ლარის ხარჯი, მათ შორის, თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 2 686 067 ლარი, პრემიამ – 1 397 300 ლარი, ხოლო დანამატმა – 150 627 ლარი.

„საბჭოში არსებული საპრემიო პოლიტიკა არ არის სისტემურად დარეგულირებული და არ ატარებს წახალისების ფორმას. პრემიის გაცემის არსებულ პრაქტიკას თანამდებობრივი სარგოს ხასიათი აქვს. პრემიის გაცემის ბრძანებებში არ არის მითითებული პრემიის გაცემის მიზნობრიობა. საბჭოს მიერ გაცემული პრემიები, ძირითადად, თანამდებობრივი სარგოს და არა წახალისების ხასიათს ატარებს“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს – შრომის ანაზღაურების სისტემის რაციონალურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საბჭომ განსაზღვროს საპრემიო პოლიტიკა, რომლის მიხედვით დადგინდება პრემიის გაცემის კრიტერიუმები და შემუშავდება პრემიის გაცემის წესი.