აუდიტის სამსახური - ფოთში გრანიტის ფილების ნაცვლად უხარისხო ბეტონის ფილები დააგეს
აუდიტის სამსახურმა ფოთში, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობაში ნაკლოვანებები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ გრანიტის ფილების ნაცვლად სამუშაოს შემსრულებელმა შპს-მ უხარისხო ბეტონის ფილები დააგო.
მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები და კომპანიას 1.5 მილიონი ლარი აუნაზღაურა ისე, რომ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოების ღირებულება მხოლოდ 790 ათასი ლარია.
„შესაბამისად, რეალურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 713.3 ათას ლარს, რაც მიმწოდებელს აუნაზღაურდა ზედმეტად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მერიამ უნდა შეისწავლოს რუსთაველის რკალზე ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.